თეგი: გლობალური ეკონომიკა

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, გლობალური ეკონომიკა $1 ტრილიონს დაკარგავს - The Economist

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შედეგად, მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკა $1 ტრილიონს დაკარგავს. ამის შესახებ  The Economist  წერს.  The Economist Intelligence Unit (EIU) პროგნოზით, 2022 წლის 15 თებერვლიდან მსოფლიო ეკონომიკის მშპ 3,9%-ით უნდა გაზრდილიყო. ამ პუბლიკაციიდან 9 დღეში, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო. მას შემდეგ ომის გავლენა მთელ მსოფლიოზე იგრძნობა. მსოფლიო ფასები ნედლეულზე გაიზარდა, გაუარესდა ვითარება მიწოდების ჯაჭვში, ინფლაცია ბევრ ქვეყანაში ნახტომისებურად გაიზარდა.  ახალი პროგნოზის თანახმად, საომარი მოქმედებები სავარაუდოდ წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამასთან, გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 1,1% პუნქტით 2,8%-მდე გაუარესდა. რაც იმას ნიშნავს, რომ გლობალური ეკონომიკა $1 ტრილიონ დოლარს დაკარგავს.   აღსანიშნავია, რომ მსგავს შოკს სხვა ორგანიზაციებიც პროგნოზირებენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური ზრდის პროგნოზი 1,2 პროცენტული პუნქტით იანვრის საწყისი ნიშნიდან 3,2%-მდე შეამცირა. G20-ის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტ მშპ-ს დაკარგავს რუსეთი, სუბსანქცირებული აგრესორი ქვეყანა. 2022 წლის ბოლოსთვის, ვარაუდობენ, რომ სანქციების ზეწოლის ქვეშ მისი ეკონომიკა 10%-ით დაეცემა, მათი საწყისი ზრდის შეფასებით 2,6%-ით.  

Bloomberg-მა 2023 წელისთვის, გლობალური ეკონომიკის 5 საფრთხე დაასახელა

საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის ანალიტიკოსებმა, 2023 წლისთვის გლობალური ეკონომიკის 5 საფრთხე დაასახელეს. მათ შორისაა მაღალი ინფლაცია, ომი უკრაინაში, ჩინეთში COVID19-ის შემთხვევების ზრდა და პანდემიის ახალი ტალღის საფრთხე. ანალიტიკოსების აზრით, 2023 წლის მთავარი ეკონომიკური რისკი არის ინფლაციის მაღალ დონე.  „არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ ხელფასების და ენერგეტიკული ფასების ზრდა გაგრძელდება. ინფლაციას გავლენა ექნება სამომხმარებლო ფასების ზრდაზე. ამ ვითარებაში აშშ-ს ფედერალური სარეზერვო და ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებები მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების მიზნით, რომელსაც ბაზრები 2023 წლის შუა რიცხვებში ელოდებიან, გამოირიცხება და სესხების ღირებულების ზრდამ შესაძლოა, რეცესია გამოიწვიოს. კიდევ ერთი მთავარი საფრთხე გლობალური ბაზრისთვის არის COVID19-ის შემთხვევების მკვეთრი ზრდა ჩინეთში“, - აცხადებენ ანალიტიკოსები. ამასთან, ჩინეთში ეკონომიკური აქტივობის შენელების ნებისმიერი სიგნალი ძირს უთხრის მოთხოვნას სასაქონლო ბაზრებზე, განსაკუთრებით სამრეწველო ლითონებზე და რკინის მადნებზე. პანდემიის ახალმა ტალღამ ასევე შესაძლოა, შეანელოს გლობალური ეკონომიკის აღდგენა, რაც კვლავ გაანადგურებს მიწოდების ჯაჭვებს და გამოიწვევს ბიზნესის აქტივობის შენელებას. Wall Street-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მაკროეკონომიკურ გავლენას ამ შემთხვევაში უფრო ძლიერად იგრძნობენ მსხვილი ეკონომიკისა და განვითარებული ვაჭრობის მქონე ქვეყნები. „მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომი შედარებით მშვიდ ფაზაშია, ბრძოლები ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამწვავდეს. თუ დასავლეთი რუსეთის სავაჭრო პარტნიორების, კერძოდ ინდოეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ მეორად სანქციებს დააწესებს, ეს სერიოზულად დააზარალებს ენერგიისა და სურსათის ბაზრების მიწოდების მხარეს, ასევე სასუქების, რიგი ლითონებისა და ქიმიკატების ბაზრებს“. Wall Street-ის ანალიტიკოსების აზრით, კიდევ უფრო შემაშფოთებელი სცენარია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შორეული, მაგრამ ძალიან რეალური შესაძლებლობა, რასაც მყისიერი გავლენა ექნება უკრაინის სურსათის ექსპორტზე. ამასთან, ინფლაციის შეკავება გააუქმებს 2023 წელს დოლარის სუსტი ვარდნისა და ენერგიის დაბალი ფასების დადებით ეფექტებს, რაც გამოიწვევს განვითარებადი ბაზრების ვარდნას. ამასთან, რჩება რისკები, რამაც შეიძლება კვლავ გამოიწვიოს ენერგოფასების მკვეთრი ზრდა და უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის გამწვავება, ამ რისკების შემადგენელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.  2022 წლის გლობალური ეკონომიკის მთავარ საფრთხეებს შორის Bloomberg-ის ავტორებმა დაასახელეს Omicron-ი და ეკონომიკური ზრდის შენელება ჩინეთში, „სასურსათო ბუნტი“ და „ევროსკეპტიკოსების“ ძალაუფლება ევროკავშირის ქვეყნებში.  

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2023 წელს გლობალური ეკონომიკა 1.7%-ით გაიზრდება

მსოფლიო ბანკის უახლესი პროგნოზით, გლობალური ეკონომიკური ზრდა 2023 წელს 1.7%, ხოლო 2024 წელს 2.7% იქნება. მანამდე მსოფლიო ბანკი 2023 წელს გლობალური ეკონომიკის 3%-იან ზრდას ვარაუდობდა. მსოფლიო ბანკი, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის 4%-მდე შენელებას პროგნოზირებს ამასთან, ანგარიშის თანახმად, ეკონომიკის მკვეთრი დაღმასვლა, სავარაუდოდ, ფართოდ გავრცელდება და მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნების 95%-სა და განვითარებადი ქვეყნებისა და ბაზრების დაახლოებით 70%-ს მოიცავს. მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ახალი უარყოფითი მოვლენა, კერზოდ, მოსალოდნელზე მაღალი ინფლაცია, მის შესაჩერებლად საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდა, პანდემიის ახალი ტალღა ან გეოპოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია, შესაძლოა, გლობალური ეკონომიკის რეცესიას განაპირობებდეს. ეს იქნება პირველი შემთხვევა გასული 80 წლის განმავლობაში, როდესაც ერთი ათწლეულის განმავლობაში ორი გლობალური ეკონომიკური ვარდნა აღინიშნება. განვითარებად ქვეყნებში მომდევნო ორი წლის განმავლობაში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, სავარაუდოდ, საშუალოდ 2.8% იქნება, რაც ერთი სრული პროცენტული ერთეულით ნაკლებია 2010-2019 წლების საშუალო მაჩვენებელზე. საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებში, სადაც მსოფლიოს უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის დაახლოებით 60% ცხოვრობს, მოსალოდნელია, რომ 2023-2024 წლებში შემოსავლის ზრდა ერთ სულზე საშუალოდ მხოლოდ 1.2% იყოს, რამაც შესაძლოა სიღარიბის მაჩვენებლების ზრდა გამოიწიოს. განვითარებულ ქვეყნებში, პროგნოზის თანახმად, ეკონომიკური ზრდა 2022 წლის 2.5%-იანი მაჩვენებლიდან 2023 წელს 0.5%-მდე შემცირდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში 2023 წელს მოსალოდნელია ზრდის მაჩვენებლის 0.5%-მდე ვარდნა, რაც 1.9 პროცენტული ერთეულით ნაკლებია წინა პროგნოზებთან შედარებით და 1970 წლის შემდეგ ეფექტიანობის უდაბლესი მაჩვენებელია, ოფიციალური რეცესიების მიღმა. 2023 წელს ევროზონაში მოსალოდნელია ნულოვანი ეკონომიკური ზრდა, რაც 1.9 პროცენტული ერთეულით დაღმავალი კორექტირების შედეგი იქნება. 2023 წელს ჩინეთში ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელია 4.3%-ის დონეზე, რაც 0.9 პროცენტული ერთეულით ნაკლებია წინა პროგნოზებზე. ანგარიშის მიხედვით, განვითარებად ბაზრებსა და ქვეყნებში, ჩინეთის გამოკლებით, ზრდა 2023 წელს, სავარაუდოდ, 2022 წლის 3.8%-იანი მაჩვენებლიდან 2.7%-მდე შემცირდება, რაც მნიშვნელოვნად სუსტ გარე მოთხოვნას ასახავს. მსოფლიო ბანკი მიუთითებს, რომ აღნიშნული გამოწვეულია მაღალი ინფლაციით, ვალუტის გაუფასურებით, დაფინანსების მკაცრი პირობებით და განვითარების შემაფერხებელი სხვა ადგილობრივი ფაქტორებით. 2024 წლის ბოლოსთვის განვითარებად ბაზრებზე და ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტი პანდემიამდე მოსალოდნელ დონეზე დაახლოებით 6%-ით ნაკლები იქნება. გლობალური ინფლაციის ზომიერი მაჩვენებლის მოლოდინის მიუხედავად, ის პანდემიამდელ დონეზე მაღლა შენარჩუნდება. უფრო დეტალურად, რეგიონული პერსპექტივები შემდეგია: აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები:  2023 წელს რეგიონში ზრდა სავარაუდოდ  4.3%-მდე შემცირდება, ხოლო 2024 წელს 4.9%-მდე მოიმატებს; ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები: რეგიონის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2023 წელს 0.1%-მდე შემცირდება, ხოლო 2024 წელს 2.8%-ით მოიმატებს; ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები: 2023 წელს მოსალოდნელია რეგიონული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კლება 1.3%-მდე, ხოლო 2024 წელს მატება 2.4%-მდე; ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები: ეკონომიკური ზრდა რეგიონში შენელდება 3.5%-მდე 2023 წელს და 2.7%-მდე 2024 წელს; სამხრეთი აზიის ქვეყნები: ეკონომიკური ზრდა რეგიონში 2023 წელს სავარაუდოდ  შენელდება 5.5%-მდე და 2024 წლისთვის 5.8%-მდე მოიმატებს; საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნები: 2023 წელს მოსალოდნელია რეგიონში ეკონომიკური ზრდის შენელება 3.6%-მდე, ხოლო 2024 წელს მატება 3.9%-მდე.